Thursday, March 31, 2011

დელტა ბლუზი

დელტა ბლუზი (იგივე ქანთრი ბლუზი, არქაული ბლუზი, ტრადიციული ბლუზი), კლასიკური ბლუზი (იგივე ქალაქური ბლუზი), რიტმ-ენდ-ბლუზი, ჩიკაგოს ბლუზი, ვესტ-საიდ ბლუზი, ტეხასური ბლუზი, ისთ-ქოასთ ბლუზი, კალიფორნიული ბლუზი, სოულ-ბლუზი…

ბლუზის ისტორია მისისიპის დინებას ჰგავს. თავიდან ერთ მძლავრ ნაკადად მოდის, მერე კი, მუსიკის დიდ ოკეანესთან შეერთებამდე, უამრავ  პატარა დინებებად იფანტება.

რა იციან თეთრებმა ბლუზის შესახებ?

მთელი ოცდაათი წლის განმავლობაში, სანამ ბლუზით თეთრები დაინტერესდებოდნენ, ის მხოლოდ შავკანიანების ხვედრი იყო. როდესაც აშშ-ში, მსოფლიოს ყველაზე თავისუფალ ქვეყანაში, როგორც იქნა მიხვდნენ და სამარცხვინო მონობა გააუქმეს, ზანგებს ორფეხა საქონელის იარლიყი ჩამოსცილდათ, მაგრამ თეთრების მათდამი დამოკიდებულება დიდად არ შეცვლილა. XIX ს-ის დასასრულის ლუიზიანის ან მისისიპის ბამბის პლანტაციებში ცხოვრებისა და მუშაობის პირობები დიდად არ განსხვავდებოდა საუკუნის დასაწყისში არსებულისგან. თავდაპირველი ილუზიები, რაც ზანგებში მათ გათავისუფლებას მოჰყვა, მალე გაიფანტა. როგორც კი რეკონსტრუქციის ეპოქა დამთავრდა და სამხრეთის შტატებიდან ჩრდილოეთის ჯარები გავიდნენ, შავკანიანების მიმართ რასისტულმა დამოკიდებულებამ ახალი ძალით იფეთქა. თითქოს სამოქალაქო ომამდე არსებული მდგომარეობა დაბრუნდა.

თუმცა ზანგებმა მაინც მიიღეს ერთი ისეთი რამ, რაზეც ადრე ვერც კი იოცნებებდნენ – გადაადგილების თავისუფლება. უკეთესი ხვედრის პოვნის იმედით საცხოვრებელი ადგილის შეცვლისათვის მათ უკვე აღარ ჩამოახრჩობდნენ. ზანგების დიდი ნაწილი ასეც იქცეოდა.

მალე მისისიპის დელტის პატარა ქალაქებში ახალი ყაიდის შავკანიანები გამოჩნდნენ. მათი უმრავლესობა სხვა მოგზაურებისგან გამოირჩეოდა ჩახლეჩილი ხმით, ზურგზე მოკიდებული ძველი გიტარით, გაცრეცილი კოსტუმითა და შლიაპით, რომლის ფერის დადგენაც სიძველის გამო ხშირად შეუძლებელი იყო.

ისინი უხეშები და გულჩათხრობილები იყვნენ. ერთ ადგილას დიდხანს არ ჩერდებოდნენ. დალევა უყვარდათ, მაგრამ თავი ყოველთვის ღირსეულად ეჭირათ. არც სხვის საქმეებში ერეოდნენ და არც სხვას მისცემდნენ მათ საქმეში ცხვირის ჩაყოფის უფლებას. თუმცა გემრიელ ჩხუბში მონაწილეობის მისაღებაზე უარს არასოდეს იტყოდნენ და, საჭიროების შემთხვევაში, არც იარაღის გამოყენებისგან იკავებდნენ თავს.

ისინი პირველი ბლუზმენები იყვნენ.

მათი მუსიკა ჟღერდა შარაგზებსა და პლანტაციებში, ბაზრობებსა და სოფლის დღესასწაულებზე, ბარაკებსა და ციხის საკნებში. მათი მუსიკა მათი ცხოვრება იყო. ეს იყო ცოცხალი მუსიკა და დღესაც ამით აჯადოებს მილიონობით მსმენელს.

შემოქმედებითი საწყისი ყველა ადამიანში არსებობს.  მაგრამ მის შენარჩუნებას და გამოყენებას სხვადასხვა მიზეზების გამო უმრავლესობა ვერ ახერხებს. ამ უცნაურმა ადამიანებმა სიღატაკის, რასობრივი ჩაგვრის, ზოგიერთმა კი სხვადასხვა ფიზიკური ნაკლის მიუხედავად, არათუ მოახერხეს ეს, არამედ ისეთი საოცარი და ორიგინალური ფორმა მისცეს, რომ საუკუნის შემდეგაც კი უამრავი ადამიანი კონსერვატიული განათლებით, ბრწყინვალე კარიერით, შოუ-ბიზნესის ისტორიაში გარანტირებული საპატიო ადგილებით, თავდავიწყებით ეძლევა ამ ღატაკი, შავკანიანი მენესტრელების მუსიკას.

ისტორიამ ყველა მათგანის სახელები და შედევრები არ შემოგვინახა, რადგან მისტერ ედისონის დიდი გამოგონება ჯერ კიდევ არ იყო ფართოდ გავრცელებული. მაგრამ ბლუზის ნამდვილი შემოქმედები სწორედ ისინი იყვნენ. დანარჩენებმა, მათ შორის უდიდესმა ტალანტებმაც კი, მხოლოდ მათი გაკვალული გზით გაიარეს.

ბლუზის წარმოშობა II

როგორც ბლუზის მცოდნეები ფიქრობენ, ბლუზი საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა, იწერებოდა და სრულდებოდა.

მაგრამ XX საუკუნემდე ბლუზის არსებობის დამადასტურებელი ფაქტები ისტორიამ არ შემოგვინახა. მონათა სიმღერებში გვხვდება ფორმები, რომლებსაც სერიოზული გავლენა უნდა მოეხდინა ბლუზის ჩამოყალიბებაზე. ასე მაგალითად, აკომპონიმენტის გარეშე სიმღერების კოლექტიური შესრულების ზანგური ტრადიცია, რომელიც დღესაც პოპულარულია აფრიკაში, მაგრამ ამერიკაში პრაქტიკულად გაქრა პლანტაციების გაქრობასთან ერთად, თუმცა სამხრეთის შტატების გამოსასწორებელ სახლებში XX ს-ის 50-იან წლებამდე შემორჩა.

მონათმფლობელობის გაუქმების შემდეგ სამხრეთის შტატებში ე.წ რეკონსტრუქციის, შემდეგ კი პოსტ-რეკონსტრუქციის ერა დადგა. გათავისუფლებული ზანგები იმავე პლანტაციებში, სადაც ადრე მონებად მუშაობდნენ, კოლექტიური სეზონური შრომით დაკავდნენ. მათ ნაწილს თეთრებისგან არენდით აღებულ მიწებზე შრომით გაჰქონდა თავი. ამავე პერიოდში ზანგურმა სიმღერებმა თანდათანობით “holler”-ის, ე.წ. გადაძახილების ხასიათი მიიღო. ასეთი თავისუფალი ფორმის სიმღერები დღესაც გავრცელებულია დასავლეთ აფრიკის, კერძოდ სენეგალის სავანებში, სადაც ღია მინდორში კოლექტიური შრომის ტრადიცია დღემდე არსებობს. პირველ გადაძახილს მეორე მოჰყვებოდა, შემდეგ მესამე, მეოთხე და თანდათანობით მთელს პლანტაციას მოედებოდა. “holler”-ს შემსრულებლები ძირითადად ბამბის პლანტაციაში მომუშავე ზანგები იყვნენ, მაგრამ შაქრისა და ბრინჯის პლანტაციებში, მეჯოგეებსა და დოკერებშიც არანაკლებ პოპულარული იყო. თუმცა “holler” შესრულება ყოველთვის ჯგუფურ ხასიათს არ ატარებდა. ეს ერთ კაცსაც შეეძლო.

გვიან საღამოს, მთელი დღის მძიმე შრომით გადაღლილი ზანგი, საკუთარ ან საყვარელი ქალის სახლთან მიახლოებისას “holler”-ს შემოსძახებდა. ვინც ამ ძახილს გაიგონებდა, იტყოდა, “აგერ სემი მოდის”, ან “უილი ჯექსონი წისქვილიდან ბრუნდება”, ან “ეხლახანს მოხუცი არჩიბალდის ხმა გავიგონე გზაზე”.

პირველად “holler”-ის პროცესი ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა და სამხრეთის მკვლევარმა ფრედერიკ ლოუ ოლმსტედმა (Frederick Law Olmsted 1822-1903) აღწერა, რომელიც 1856 წელს ამერიკის სამხრეთში მოგზაურობდა: “მე სამგზავრო ვაგონში მეძინა, როდესაც შუაღამისას ხმამაღალმა სიცილმა გამაღვიძა. ვაგონიდან გამოვიხედე და დავინახე, რომ ზანგი მტვირთავების ჯგუფს კოცონი დაენთო და მის გარშემო ვახშმობდა. მოულოდნელად, ერთ-ერთმა მათგანმა წარმოუდგენლად მაღალი ხმა გამოსცა, ისეთი, როგორიც მანამდე არასდროს გამეგო. ეს იყო ხანგრძლივი, ხმამაღალი, ფალცეტში გარდამავალი მუსიკალური გადაძახილი, რომელიც ღამის სიჩუმეში საბრძოლო საყვირის ხმასავით ჟღერდა და მახლობელი ტყიდან ექოდ ბრუნდებოდა. როგორც კი მომღერალი დადუმდა, წამსვე მეორემ აიტაცა, შემდეგ მესამემ და ცოტა ხანში მთელი ქორო ამღერდა. რამდენიმე წუთის შემდეგ გავიგონე, რომ ერთ-ერთმა მათგანმა სხვებს ურჩია, მუშაობა გაეგრძელებინათ, – “ავდექით, ბიჭებო, ავდექით! აბა, ყველა ერთად მივაწვეთ! ეი-ვიო-იიი!” და წამსვე ყველამ ერთიანი ძალით დაიწყო ბამბის ტომრების დიდი გროვის მიწაყრილზე ამოთრევა”.

ასე რომ, ოლმსტედის შეფასებით “holler”-ი “იყო ხანგრძლივი, ხმამაღალი, ფალცეტში გარდამავალი მუსიკალური გადაძახილი”. ასეთ შეფასებას XX საუკუნეში გაკეთებული ჩანაწერებიც შეეფერება. ზოგიერთ მათგანში სიტყვები თითქმის არაა, მაგალითად, 1950 წელს ჩაწერილი ენი გრეის ჰორნ დოდსონის(Anne Grace Horn Dodson) “მინდვრის გადაძახილი” – “Field Call”. სხვები იმპროვიზირებული სტრიქონებისგან შედგება და შემსრულებლის განწყობილებას გამოხატავს, როგორც 1947 წელს მისისიპის შტატის პარჩმანის გამოსასწორებელ სახლში ჩაწერილი “Levee Camp Holler” “Bama”-ს შესრულებით.

ბლუზში ხომ ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატველობაა, “holler”-იც თავისი შინაარსითა და გამომხატველობით იმდენად ახლოა ბლუზთან, რომ სამართლიანად ითვლება მის წინამორბედად.

თუმცა ბლუზის ფესვები მხოლოდ აფრიკულ მუსიკალურ ტრადიციებში არაა. “holler”-ის ჩამოყალიბებამდე ბევრად უფრო ადრე, აფრიკულ მუსიკალურ ტრადიციებს ბრიტანული ბალადების ჰანგები შეერწყა. აფროამერიკელებმა ინგლისურ-შოტლანდიურ-ირლანდიური ბალადები ადვილად შეითვისეს და შავკანიანი გმირების სადიდებელ სიმღერებად აქციეს. მათგან ყველაზე ადრეულებად ითვლება ბალადები XIX საუკუნის 70-იანი წლებში ცნობილი ვინმე ჯონ ჰენრის შესახებ, რომელიც რკინიგზის მუშა იყო და სახელი იმით გაითქვა, რომ ხელის უროთი ორთქლის ძრავზე მომუშავე უროს გაეჯიბრა და გამარჯვებული გამოვიდა, თუმცა გულმა დატვირთვას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ასეთი ბალადების მხოლოდ ორი ჩანაწერის მოძებნა მოვახერხე. ორივე მათგანი 1939 წელსაა შესრულებული. პირველი ქუმინსების ფერმაზე, ქოულდში, არკანზასში – Perfomed by Arthur Bell, ხოლო მეორე – რეიფორდის გამოსასწორებელ სახლში, ფლორიდაში – Perfomed by Joe Brown and Lonnie Thomas.

ზოგიერთ არანაკლებად პოპულარულ ბალადებში, მაგალითად “Frankie and Albert” by Charley Patton, ან “Railroad Bill” პირველი სტრიქონი მეორდება, ხოლო მესამე მისამღერის როლს ასრულებს:

“See, see rider, see what you have done
See, see rider, see what you have done
You’ve made me love you, now my man done come”

ეტყობა, სწორედ ეს მოდელი იქცა ბლუზის საფუძვლად.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ბლუზი ერთის მხრივ, რეკონსტრუქციისა და პოსტ-რეკონსტრუქციის ეპოქაში აფრიკული მუსიკალური ტრადიციების გავლენით წარმოქმნილი ჰოლერისა და სხვა ე.წ.სამუშაო სიმღერების, ხოლო მეორეს მხრივ, XIX საუკუნის აშშ-ში გავრცელებული ბრიტანული ფოლკლორის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა.

ბლუზის წარმოშობა I

ბავშვის დაბადების თარიღი ცნობილია – XIX-XX საუკუნეების მიჯნა. ასევე ადგილიც – მდინარე მისისიპის დელტა(აქედან ნათლობის სახელიც – “დელტა ბლუზი”), ტერიტორია პატარა ქალაქ მემფისიდან მექსიკის ყურემდე. ამ უკიდეგანო მიწებზე დასახლებული შავკანიანი მონების ქოხებში დაიბადა ამერიკული კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი – ბლუზი.

თავდაპირველი სახელწოდება “დელტა ბლუზი” ისტორიულ-კულტურული დატვირთვის მატარებელი უფროა, ვიდრე გეოგრაფიულის. მისისიპის დელტა იყო ადგილი, სადაც უსიერი ტყეების გაჩეხვისა და ჭაობების დაშრობის შემდეგ, თეთრკანიანებმა ბამბის პლანტაციების მასიური გაშენება დაიწყეს.  მუქთა მუშახელის სახით პლანტატორები თავიდან წითელკანიან მონებს იყენებდნენ, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ ინდიელები ვერც გამძლეობით და ვერც შრომისუნარიანობით ვერ შეედრებოდნენ ზანგებს. შედეგად, მისისიპის დელტის პლანტაციებს აფრიკიდან შემოყვანილი ასიათასობით შავკანიანი მონა მიაწყდა. მათი ცხოვრებისა და მუშაობის პირობები მეტად არასახარბიელო, მძიმე და დამამცირებელი იყო. ფაქტიურად, მუსიკა იყო ერთადერთი, რაც ამ ბუნებრივად მუსიკალურ ადამიანებს გააჩნდათ. ამიტომ სწორედ მუსიკაში ჰპოვა ასახვა მათი მდგომარეობის მთელმა ტრაგიკულობამ. ასე რომ, ბლუზის ისტორიის საწყისებში ძალზედ რთულია რაიმე რომანტიულის პოვნა. მიუხედავად ამისა, ეს ისტორია მეტად საინტერესოა და სავსეა უამრავი ლეგენდებით.

ადგილებს, რომლებიც ბლუზის აკვნად ითვლება, ალაბამა, ჯორჯია და ფლორიდაც უნდა მივაკუთვნოთ. ამ ადგილებიდან დელტა ბლუზი დროთა განმავლობაში ამერიკის მთელს ტერიტორიაზე გავრცელდა და გზადაგზა სხვადასხვა შტატებში სხვადასხვა თავისებურებებს იძენდა. ბლუზის უმნიშვნელოვანეს ცენტრებად იქცა და დღემდე ასეთად რჩება ჩიკაგო, ტეხასი, კალიფორნია და თავისთავად მისისიპის დელტა. ამ ადგილებიდან მოდიან ბლუზის თანამედროვე ვარსკვლავები.

იყო დრო, როდესაც ბლუზს კიდევ ერთი მსოფლიო ცენტრი ჰქონდა. ეს იყო ინგლისი. მაგრამ იმ დროიდან ბევრმა წყალმა ჩაიარა. იმას, რასაც დღეს ამ კუნძულზე ასრულებენ, XX ს-ის 60-იან წლებში, ჯონ მეიოლის დროს წარმოქმნილ ორიგინალურ, ინგლისურ სტილთან საერთო ბევრი არაფერი აქვს. ეს უფრო ამერიკული ბლუზის მქრალი აჩრდილია, ვიდრე თვითმყოფადი სტილი. ამიტომაც, ინგლისი ბლუზის ერთ-ერთ მსოფლიო ცენტრად დღეს უკვე აღარ ითვლება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნისლიან ალბიონზე ბლუზის ტალანტები არ არსებობენ.

განმარტება

თავად ტერმინი “ბლუზი” განმარტებული უნდა იქნეს, როგორც სულიერი მდგომარეობა. ჯერ კიდევ XVI საუკუნეში ინგლისურ ენაში გაჩნდა გამოთქმა – “The blue devils”(ეშმაკისეული მოწყენილობა/ნაღველი), რაც მელანქოლიურ, დეპრესიულ განწყობილებას გულისხმობდა, მაგრამ ფრაზა “having a fit of the blues”(ე.წ. ხანდრის მდგომარეობაში ყოფნა) ამერიკულ ინგლისურში მხოლოდ 1861-1865 წ.წ. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ დამკვიდრდა. ხოლო “ბლუზი”, როგორც მსგავსი სულიერი განყობილებების აღმნიშვნელი ტერმინი აფროამერიკელებშიც კი არ იყო განსაკუთრებით პოპულარული ვიდრე 1900 წლამდე. მხოლოდ ამ დროიდან ითვლება, რომ თუ ვინმე ბლუზს ასრულებს, ის “the blues” – მოწყენილი, ნაღვლიანი მდგომარეობიდან თავის დაღწევას ცდილობს. დროთა განმავლობაში, ეს მომენტი ბლუზმენებისთვის იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, რომ “blue feeling”-ის, ანუ ნაღვლიანი განწყობილების დადგომამდე არც იყო მიღებული ბლუზის შესრულება.

აქედან გამომდინარე, ბლუზი მუსიკის შესრულების მეთოდიცაა. მრავალი ბლუზმენისთვის სწორედ ამაშია ბლუზის მარილი. თუ შემსრულებელს “blue feeling”-ის გადმოცემა და მსმენელისთვის გაზიარება არ შეუძლია, ის არც არის ნამდვილი ბლუზმენი. შესრულების იმიტირება შესაძლებელია, მაგრამ ბლუზის შეგრძნებისა – სრულიად წარმოუდგენელია.

ბლუზში დიდი მნიშვნელობა აქვს ტექსტის გარითმვის უნარს, ასევე იმპროვიზაციას, რომელიც ბლუზის განუყოფელი ნაწილია, თუმცა იმდენი მნიშვნელობა მაინც არ ენიჭება, რამდენიც ჯაზში. იმპროვიზაციის გასაადვილებლად რამდენიმე მოდელი შეიქმნა, რომელთა შორის გამორჩეულია 12 ტაქტიანი ბლუზი. XX საუკუნის პირველ ათწლეულში ამ მოდელმა სამ სტრიქონიანი სტროფის ფორმა მიიღო, რომელშიც პირველი სტრიქონი მეორდებოდა. შემსრულებელს ეს მესამე, გამრითმავი სტრიქონის იმპროვიზირების საშუალებას აძლევდა. არსებობს აგრეთვე 16 და 32 ტაქტიანი მოდელებიც, მაგრამ 12 ტაქტიანი ბლუზი იმდენად გავრცელებულია, რომ ბლუზის შესრულებაში, როგორც წესი, 12 ტაქტიანი ბლუზის შესრულებას გულისხმობენ.

ბლუზი თითქოს მარტივი რამ არის. მაგრამ ბლუზისადმი მიძღვნილ სხვადასხვა წიგნებში, ჟურნალებსა და ნაშრომებში ერთ საინტერესო ტენდენციას წააწყდები – უამრავი მკვლევარი თითქოს ერთმანეთს ეჯიბრება, ბლუზის ვინ უფრო მეტ განსხვავებულ სტილს, მიმდინარეობას თუ ქვესახეობას აღმოაჩენს ან დაასახელებს.

ნებისმიერ შემთხვევაში უცნაურია – თუ ბლუზი ასეთი მარტივი და უბრალოა, მაშინ რა უბიძგებს ადამიანებს კონსერვატიული განათლებით, ბრწყინვალე კარიერით, შოუ-ბიზნესის ისტორიაში გარანტირებული საპატიო ადგილებით, თავდავიწყებით და სიხარულით მიეცენ ამ იდუმალი და მიმზიდველი სტილის შესრულებას?!

ბლუზი ეტყობა არც ისეთი მარტივი რამ არის....

ჯაზის გენიალური შემსრულებლები

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ჯაზმენები

ლუი არმსტრონგი

ლუი დენიელ არმსტრონგი (ინგ. Louis Daniel Armstrong) (4 აგვისტო, 1901 - 6 ივლისი, 1971) (აგრეთვე მეტსახელებით საჩმო (Satchmo) და პოპსი (Pops)) - ამერიკელი ჯაზის მუსიკოსი. არმსტრონგი ქარიზმატული, მუდამ ახლის მაძიებელი შემსრულებელი იყო, რომლის მუსიკალურმა ტალანტმა და ბრწყინვალე პიროვნულმა თვისებებმა ჯაზის უხეში რეგიონალური საცეკვაო მუსიკიდან პოპულარულ მხატვრულ ფორმად ტრანსფორმაცია მოახდინა. შესაძლოა მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილმა ჯაზის მუსიკოსმა პირველად პოპულარობა საყვირზე შესრულებით მოიპოვა, თუმცა კარიერის ბოლოსკენ ის უკვე განთქმული იყო როგორც საუკეთესო ვოკალისტი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯაზის მომღერალი.
არმსტრონგი დაიბადა ახალი ორლეანში, ლუიზიანა, ხელმოკლე ოჯახში. ახალგაზრდობა სიღარიბეში გაატარა ნიუ-ორლეანის ერთ-ერთ საკმაოდ კრიმინალურ გარეუბანში. თავდაპირველად კორნეტზე დაკვრა ისწავლა ნიუ-ორლეანის მიუსაფართა სახლში ფერადკანიანთათვის, სადაც ის რამდენჯერმე იქნა გაგზავნილი ქუჩის მოხეტიალე ბავშვებთან აკიდების გამო და განსაკუთრებით კი ახალი წლის აღსანიშნავად ჰაერში დამბაჩის გასროლის გამო დაკავების შემდეგ. ის ხშირად დაჰყვებოდა ქალაქის სასულიერო ორკესტრის აღლუმებს და ყოველ შესაძლებლობას იყენებდა ძველი მუსიკოსებისთვის მოესმინა, სწავლობდა რა ბანკ ჯონსონის, ბადი პეტიტისა და განსაკუთრებით ჯო "კინგ" ოლივერისგან, რომელიც ახალგაზრდა არმსტრონგისთვის მენტორისა და მამის ფუნქციას ასრულებდა. არმსტრონგი მოგვიანებით თავად იწყებს შესრულებას ქალაქის სასულიერო ორკესტრში, მოგზაურობს რა იმჟამად კარგად ცნობილ ბენდთან "ფატ-მარაბლი", რომელიც თბომავლით მდინარე მისისიპის ტურებს დაჰყვებოდა. თავად არმსტრონგი მის ამ ბენდთან გატარებულ დროს "უნივერსიტეტში სიარულს" ადარებდა, ვინაიდან ამ ორკესტრმა დიდი გამოცდილება მისცა მას ფორმალური მუსიკის შესრულების დარგში. 1919 წელს ქალაქიდან ჯო ილივერის წასვლის შემდეგ არმსტრონგი მის ადგილს იჭერს კიდ ორის ბენდში, რომელიც იმჟამად ყველაზე "ცხელ" ჯაზ-ბენდად ითვლებოდა ახალ ორლეანში.
1922 წელს არმსტრონგი ჩიკაგოში მასიურ მიგრაციას მიჰყვება, სადაც ის ჯო ოლივერის კრეოლ ჯაზ-ბენდს უერთდება. 1920-იანებში ოლივერის ბენდი საუკეთესო და ყველაზე გავლენიანი ჯაზ-ბენდი იყო ჩიკაკოში, ქალაქში, რომელიც იმხანად ჯაზის ცენტრი გახდა. არმსტრონგმა აქ რამდენიმე საკუთარი ჩანაწერი გააკეთა 1923 წელს ოლივერის ბენდში მეორე კორნეტზე შესრულების პარალელურად.
არმსტრონგი ოლივერთან მუშაობით საკმაოდ კმაყოფილი იყო, თუმცა მისი მეუღლის, პიანისტ ლილ ჰარდინ არმსტრონგის დაჟინებით უფრო მაღალი ანაზღაურება მოეძებნა, ის და ოლივერი მეგობრულად ეთხოვებიან ერთმანეთს და არმსტრონგი ნიუ-იორკში გადადის ფლეტჩერ ჰენდერსონის ორკესტრში, იმჟამად საუკეთესო აფრიკულ-ამერიკულ ბენდში, შემსრულებლად. აქ არმსტრონგი საყვირზე გადადის მისი განყოფილების სხვა მუსიკოსებთან უკეთ შესაწყობად. ამავე დროს ის ქმნის უამრავ პირად ჩანაწერს მისი ძველი ნიუ-ორლეანელი მეგობრის, პიანისტ კლარენს უილიამსის დახმარებით. მათ შორისაა მცირე ჯაზური შესრულებანი დუეტში სიდნი ბეხეტთან და ბლუზის მომღერალთა აკომპანემენტების სერია.
1925 წელს ის ჩიკაგოში ბრუნდება და იწყებს ჩაწერას საკუთარი სახელით მის სახელგანთქმულ ჯგუფებთან "ჰოტ ფაივ" (ცხელი ხუთეული) და "ჰოტ სევენ" (ცხელი შვიდეული). მათ შორისაა ჰიტები - "Potato Head Blues", "Muggles" (ნიუ-ორლეანური ჟარგონით - მარიხუანა, რომელსაც ის საკმაოდ წყალობდა მთელი სიცოცხლის განმავლობაში), და "West End Blues", რომლის მუსიკამაც ჯაზის შესრულების სტანდარტი დააწესა მრავალი მომდევნო წლის განმავლობაში. არმსტრონგის ინტრო საყვირით "West End Blues"-ში დღემდე რჩება ჯაზის ისტორიაში ყველაზე განთქმულ იმპროვიზაციად.
1929 წელს არმსტრონგი ნიუ-იორკში ბრუნდება, 1930 წელს კი ლოს-ანჯელესში გადადის, შემდეგ ტურით ევროპაში მიემგზავრება. მრავალი წლის მოგზაურობის შემდეგ ის საბოლოოდ ქვინსში, ნიუ-იორკი, სახლდება 1943 წელს. ხმის ჩამწერი სტუდიებისა და მუსიკის ბიზნესის განგსტერთაგან გამუდმებული შევიწროების მიუხედავად არმსტრონგი აქტიურად აგრძელებს საკუთარი შესრულების სტილის დახვეწას.
შემდგომი ოცდაათი წლის განმავლობაში არმსტრონგი ყოველწლიურად 300-ზე მეტ კონცერტს ატარებს. 1940-იან წლებში დიდ ბენდებზე მოთხოვნამ იკლო პოპულარული გემოვნების ცვლილებასთან ერთად: საბანკეტო დარბაზები დაიხურა, ხოლო ტელევიზიის შემოტევისა და სხვა ტიპის პოპულარული მუსიკის ჟანრების აღმოცენებასთან ერთად ჯაზის პოპულარობამ იკლო. შესაბამისად დღითიდღე უფრო გართულდა 16-წევრიანი ბენდის ტურების დაფინანსება.



რეი ჩარლზი

რეი ჩარლზი (Ray Charles, სრული სახელი Ray Charles Robinson) (23 სექტემბერი, 1930 – 10 ივნისი, 2004), ამერიკელი პიანისტი და სოულის შემსრულებელი, რომელმაც დასაბამი მისცა რითმ-ენდ-ბლუზის მიმდინარეობას. მან შემოიტანა სოულის ხმოვანება ქანთრიში, პოპ სტანდარტებში. ფრენკ სინატრამ მას უწოდა "ერთადერთი ნამდვილი გენიოსი ამ ბიზნესში", ხოლო ჟურნალმა როლინგ სტოუნი რეი ჩარლზს სიაში "უკვდავები: ყველა დროის 100 უდიდესი ხელოვანი" (The Immortals: 100 Greatest Artists of All Time) მე-10 ადგილი მიუჩინა.რეი ჩარლზი დაიბადა პატარა ქალაქ ელბანში, შტატ ჯორჯიაში. დედა არეტა რობინსონი, მამა ბეილი რობინსონი. რეის ოჯახი იყო ძალიან ღარიბი, როგორც თვითონ ამბობდა ისინი სხვა ზანგებს შორისაც კი ყველაზე დაბალ საფეხურზე იმყოფებოდნენ, ყველას დაბლიდან უყურებდნენ და მათ ქვემოთ მხოლოდ მიწა იყო. როდესაც რეი რამოდენიმე თვის იყო მისი ოჯახი გრინვილის დასახლებაში, სამხრეთ ფლორიდაში გადავიდა საცხოვრებლად. რეის მამა არ თამაშობდა მის ცხოვრებაში დიდ როლს, ხოლო შემდეგ მან საერთოდ დატოვა ოჯახი. რეის და ერთი წლით უმცროს ძმას ჯორჯს, არეტა და დედამისი, მერი ჯეი რობინსონი უვლიდნენ. როდესაც რეი ხუთი წლის იყო მისი ძმა ქუჩაში მდგარ ტაშტში ჩავარდა, ამის მომსწრე რეი ცდილობდა ძმის გადარჩენას, მაგრამ ამაოდ, ჯორჯი მისთვის საკმაოდ მძიმე იყო. ჯორჯი დაიხრჩო, ხოლო რეი გადატანილი სტრესის გამო თანდათან კარგავდა მხედველობას, ხოლო შვიდი წლის ასაკში საერთოდ დაბრმავდა.დაბრმავების მიზეზი უცნობი დარჩა, მაგრამ არსებობს დოკუმენტები, რომ გამომწვევი მიზეზი გლაუკომა იყო.
პირველად მისი მუსიკალური ტალანტი სამი წლის ასაკში გამოვლინდა. მასზე აფთიაქის მეპატრონემ იმოქმედა, რომელიც პიანინოზე უკრავდა. ამ უკანასკნელმა ასწავლა პირველი სამი ნოტი რეის. შემდგომ ჩააბარა ბრმებისა და ყრუებისათვის განკუთვნილ სკოლაში, სენტ-აუგუსტინეში, შტატი ფლორიდა. აქ რეიმ შიესწავლა ბრაილის ანბანი და რამოდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, ესენია _ პიანინო, ორღანი, საქსაფონი, ტრომბონი და კლარნეტი. სკოლაში გამოვლინდა რეის მუსიკალური ტალანტი, იგი მღეოდა ბაპტისტურ გუნდში. 1945 წელს დაეღუპა დედა, ორი წლის შემდეგ კი მამა.
სკოლის დამთავრების შემდეგ რეი მონაწილეობდა ბევრ მუსიკალურ პროექტში, ძირითადად ჯაზის და ქანთრის სტილში. თავის შემოქმედებაში კრებდა ცნობილი ჯაზმენების შთაგონებას, როგორებიცაა _ ქაუნთა ბეისი, არტა თეითუმა და ართი შოუ. პირველი ჯგუფი რომელშიც იგი მოღვაწეობდა ეწოდებოდა «The Florida Playboys». 1947 წელს, როდესაც 600 დოლარი მოაგროვა, გაემგზავრა სიეტლში. აქ გიტარისტ გოსადი მაკჰისთან ერთად დააარსა ჯგუფი «MacSon Trio» (ხშირად Maxim-ს უწოდებდნენ). მალე მათ სიმღერების ჩაწერა დაიწყეს Swingtime Records-თან ერთად. პირველი სამი ჩანაწერი იყო «Guitar Blues», «Walkin' and Talkin'» და «Wonderin' and Wonderin'». იგი თანამშრომლობდა ცნობილ R&B შემსრულებელ ლოუელ ფულსონთან და მის ჯგუფთან, აკომპანიას უწევდა პიანინოთი. 1949 წელს გამოვიდა მისი ჰიტი «Confession Blues». რეის შემდეგი პოპულარული სიმღერა იყო «Baby, Let Me Hold Your Hand» (1951). ამის შემდეგ, 1952 წელს გადადის Atlantic records-ში, როცა უკვე მიხვდა რომ Swingtime Records-ში ყოფნით ვერ მიაღწევდა სასურველ შემოქმედებით თავისუფლებას. მან სახელი შეიმოკლა და დაირვა უბრალოდ რეი ჩარლზი, რადგან ბოქსიორ რეი რობინსონში არ არეოდათ (Ray «Sugar» Robinson). 1951 წლის 31 ივლისს დაქორწინდა ეილემ უილიამსზე, ერთი წლის შემდეგ მათი ოჯახი დაინგრა. აღსანიშნავია რომ რეის 12 შვილი ჰყავდა და მხოლოდ 3 ოფიციალურად, ცოლებისაგან. 1955 წელს რეი ხელმეორედ დაქორწინდა, დელ ბეატრის რობინსონზე, რომელთანაც ეყოლა ჰოვარდი. მათი ოჯახი 1977 წელს დაინგრა.
1953 წელს გამოვიდა რეის ერთ-ერთი სინგლი «Mess Around». ამავე წელს მან არანჟირება და აკომპანირება გაუწია ცნობილ ბლუზმენ გიტარ სლიმს (Guitar Slim), კომპოზიცია «The Things That I Used To Do», რომელიც მათ ჩაწერეს, გაიყიდა მილიონზე მეტი ტირაჟით. ასეთივე წარმატებული იყო მისი სინგლი «It Should Have Been Me», რომელიც მთლიანად მას ეკუთვნოდა. შემდეგი მწვერვალი რეიმ 1955 წელს დაიპყრო, როდესაც სინგლი «I Got a Woman» გამოვიდა. ამ უკანასკნელმა სიმღერამ პირველი ადგილი დაიკავა R&B ჩარტებში. სწორედ ეს სიმღერა უფრო ხშირად მოიხსენიება როგორც პირველი კომპოზიცია სოულის სტილში. ამ დროს რეის რეპერტუარი სანახევროდ გოსპელს წარმოადგენდა ტექსტის მიხედვით, ხოლო ნახევარი ბლუზს.


ელა ფიცჯერალდი

ელა ჯეინ ფიცჯერალდი (Ella Jane Fitzgerald) (* 25 აპრილი, 1917, ნიუპორტ-ნიუზი,
 ვირჯინია ― 15 ივნისი, 1996, ბევერლი ჰილსი, კალიფორნია), ასევე ცნობილი, როგორც ‘ლედი ელა’ (სიმღერის პირველი ლედი) მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჯაზის მომღერალი, ცამეტი გრემის მფლობელი, ეროვნული ხელოვნების მედლით დაჯილდოებული პრეზიდენტ რეიგანის მიერ, და თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით - პრეზიდენტ ბუში უფროსის მიერ. სამ-ოქტავიანი ვოკალური დიაპაზონით დაჯილდოებული მომღერალი გამოირჩეოდა ტონალობის სიწმინდით, თითქმის შეუმცდარი ფრაზითა და ინტონაციით და განუმეორებელი იმპროვიზაციის შესაძლებლობით.
დაიბადა ნიუპორტ-ნიუსში, ვირჯინია, აშშ 1917 წლის აპრილში; გაიზარდა იონკერში, ნიუ-იორკი. გულის შეტევით 38 წლის ასაკში დედის უეცარი გარდაცვალებისა, ხოლო მამის ბავშვის დაბადებისთანავე გაუჩინარებით, 14 წლის ასაკში დაობლდა.
ელამ სასიმღერო დებიუტი 16 წლის ასაკში 1934 წელს მოახდინა აპოლონის თეატრში ჰარლემში, ნიუ-იორკი, იმ დროს ცნობილ ერთ-ერთ ადრეულ „მოყვარულთა ღამეების“ კონკურსზე. თავდაპირველად მიზნად დასახული ჰქონდა სცენაზე საცეკვაოდ ასვლა, თუმცა „ედვარდსის დების“ (ადგილობრივი საცეკვაო დუეტი) გამოწვევით სიმღერა გადაწყვიტა. იმ ღამით კონკურსზე მან გაიმარჯვა, რითაც წარმატება მოიხვეჭა თავისთვისაც და აპოლონის თეატრისთვისაც. ელა იმ ღამეს შენიშნა ბარდუ ალიმ ჩიკ ვების ბენდიდან, რომელმაც ვები დაიყოლია ელა დაექირავებინა. ელა იწყებს სიმღერას ვების ორკესტრში 1935 წელს, ჰარლემის სავოის საბანკეტო დარბაზში. ელას რამდენიმე ჰიტ-სიმღერა აქვს ჩაწერილი მათთან, მათ შორის „(If You Can't Sing It), You'll Have to Swing It (Mr. Paganini)“, თუმცა წარმატება საყმაწვილო ლექსის „A Tisket A Tasket“ მისეულმა ინტერპრეტაციამ მოუტანა.
1939 წელს ჩიკ ვების გარდაცვალების შემდეგ, ბენდმა ტურები გააგრძელა ახალი სახელით „ელა ფიცჯერალდი და მისი განთქმული ორკესტრი“.
ელამ სოლო კარიერა 1941 წლიდან დაიწყო. თავდაპირველი სვინგის შემდეგ იგი რეპერტუარს სწრაფად ამრავალფეროვნებს და მოგვიანებით ბლიუზს, ბოსა-ნოვას, სამბას, გოსპელს, კალიფსოსა და საშობაო სიმღერებს ასრულებს. მისი გვიანდელი კონცერტები მდიდრდება სხვა მომღერალთა ბრწყინვალე იუმორისტული იმიტაციებით. კერძოდ, მას შეეძლო მერლინ მონროსა და ლუი არმსტრონგის ხმისა და ტიპიური ჟესტების საკმაოდ ზუსტი იმიტაცია.
1955 წელს დეკკას ჩამწერი სტუდიის დატოვების შემდეგ, მისი მენეჯერი, ნორმან ფრანზი მის გარშემო ქმნის ჯაზის ჩამწერ კომპანიას, ვერვი.
რვა სიმღერათა კრებული, რომელიც ელამ ვერვისთვის ჩაწერა არარეგულარული ინტერვალებით 1956-1964 წლებში წარმოადგენს მის კრიტიკოსთა მიერ ყველაზე წარმატებულად შეფასებულ ნამუშევრებს, და შესაძლოა მის ყველაზე მნიშვნელოვან შენატანსაც კი ამერიკული კულტურისთვის. სწორედ ეს სიმღერები წარმოადგენს „დიდ ამერიკულ სიმღერათა კრებულის“ უმნიშვნელოვანეს ნაწილს.
ეს რვა ალბომია:
სიმღერები კოულ პორტერის სიმღერათა კრებულიდან (1956) (ბადი ბრეგმანი)
სიმღერები როჯერსისა და ჰარტის სიმღერათა კრებულიდან (1956) (ბრეგმანი)
სიმღერები დუკ ელინგტონის სიმღერათა კრებულიდან (1957) (დუკ ელინგტონი)
სიმღერები ირვინ ბერლინის სიმღერათა კრებულიდან (1958) (პოლ ვესტონი)
სიმღერები ჯორჯ და ირა გერშვინის სიმღერათა კრებულიდან (1959) (ნელსონ რიდლი)
სიმღერები ჰარლოდ არლენის სიმღერათა კრებულიდან (1961) (ბილი მეი)
სიმღერები ჯერომ კერნის სიმღერათა კრებულიდან (1963) (რიდლი)
სიმღერები ჯონი მერსერის სიმღერათა კრებულიდან (1964) (რიდლი)

ნიუ-იორკ ტაიმსის კოლუმნისტი ფრანკ რიჩი წერდა ელას გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, რომ სიმღერათა კრებულების სერიაში, ელამ შეასრულა ისეთივე ექსტრაორდინალური კულტურული გადაცვლა, როგორც ეს ელვისის თეთრი და აფრიკულ-ამერიკული სოულის თანამედროვე ინტეგრაცია იყო. ეს შავი ქალი პოპულარიზებას უკეთებდა ქალაქურ სიმღერებს ხშირად დაწერილს იმიგრანტი ებრაელების მიერ და ძირითადად შესრულებულს თეთრი ქრისტიანების აუდიენციისთვის.
ელას ასევე ჩაწერილი აქვს ალბომები ექსკლუზიურად მიძღვნილი პორტერისა და გერშვინის სიმღერებისთვის 1972 და 1983 წლებში, სახელწოდებით 'Ella Loves Cole' და 'Nice Work If You Can Get It'. მოგვიანებით მან ჩაწერა კიდევ ერთი კოლექცია 'Ella Abraça Jobim', რომელშიც ანტონიო კარლოს ჟობიმის სიმღერებია გაჟღერებული.


მაილს დევისი

მაილს დევისი (სრული სახელი: მაილს დიუი დევის III, ინგ. Miles Dewey Davis III) (26 მაისი, 1926 - 28 სექტემბერი, 1991) – მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ინოვატორი მუსიკოსი.
საყვირზე შემსრულებელი, ბენდის ლიდერი და კომპოზიტორი, დევისი ფორფოსტი იყო თითქმის ყოველი მნიშვნელოვანი მოვლენისა ჯაზის ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მან შეასრულა ზოგიერთი მნიშვნელოვანი ადრეული "ბებოპ" სტილის კომპოზიციები და გამოუშვა პირველი ქულ-ჯაზის ჩანაწერები. ის ერთ-ერთი სულისჩამდგმელია მოდალური ჯაზისგანვითარების, ხოლო ჯაზ-როკი კი მისი ნამუშევრებიდან წარმოიშვა სხვა მუსიკოსებთან ერთად გვიანდელ 1960-იან და ადრეულ 1970-იანებში. თავისუფალი ჯაზი იყო ერთადერთი ომისშემდგომი სტილი, რომლეზე დევისს მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია, თუმცა ზოგიერთი მუსიკოსი მისი ბენდებიდან მოგვიანებით ამ მიმართულებას მიჰყვება. მისი ჩანაწერები, მისსავე მრავალრიცხოვან ბენდებთან ცოცხალ შესრულებებთან ერთად, გადამწყვეტი იყო ჯაზის, როგორც მუსიკალური ხელოვნების ჟანრის, დამკვიდრებაში. ჯაზის პოპულარიზატორმა და ინოვატორმა, დევისმა სახელი გაითქვა წყნარი, მელოდიური სტილითა და ლაკონური, დროდადრო კონფრონტაციული, პერსონალიით. როგორც მაღალ-ანაზღაურებადი და მუდამ გემოვნებით ჩაცმული ჯაზის მუსიკოსი, დევისი ასევე ჯაზის მუსიკის კომერციული პოტენციალის სიმბოლო გახლდათ.


ბილი ჰოლიდეი

ბილი ჰოლიდეი (Billie Holiday), ნამდვილი სახელი ელეონორა ფეგენი (Eleanora Fagan, 7 აპრილი, 1915 - 17 ივლისი, 1959) — ამერიკელი მომღერალი, რომლის შემოქმედება ჯაზის ისტორიის მთელ ეპოქას შეადგენს.
ელეონორა დაიბადა ფილადელფიაში. ბავშვობა უკიდურეს სიღარიბეში გაატარა. მამამისის ვინაობა დაუდგენელია. 11 წლის ასაკში ძალადობის მსხვერპლი გახდა, სამი წლის შემდეგ კი დედასთან ერთად პროსტიტუციის ბრალდებით საკანში აღმოჩნდა. 1930-იანი წლების დასაწყისში ლეგალური შემოსავლის პოვნის მიზნით სამ ღამის კლუბში იწყებს ერთდროულად გამოსვლას, სადაც მშრალი კანონის პერიოდში არალეგალურად იყიდებოდა სპირტიანი სასმელები.
ჰოლიდეი საკმაოდ სწრაფად იხვეჭს რეპუტაციას ჯაზის სამყაროში და ნიუ-იორკის ყველაზე პრესტიჟულ ღამის კლუბებში გადადის. მისი პოპულარობა განამტკიცა ფილმმა "სიმფონია შავებში" (1935), სადაც მას დუკ ელინგტონთან ერთად გადაუღეს. 1939 წელს დაწერა მისი ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა «Strange Fruit», რომელიც წლების განმავლობაში მის სავიზიტო ბარათად იქცა.

ნინა სიმონე

ნამდვილი სახელი (Eunice Kathleen Waymon) დაიბადა 1933 წლის 21 თებერვალს, ტრაიონში (სამხრეთ კაროლინის შტატში). განათლება მიიღო ნიუ-იორკის პრესტიჟულ მუსიკალურ კოლეჯში (Juilliard School of Music) სადაც თავის დროზე სწავლობდა მაილს დევისი. (Miles Davis ) ის იყო ძალიან ნიჭიერი შავკანიანი ამერიკელი მომღერალი,კომპოზიტორი, პიანისტი. მან თავის კარიერა დაიწყო 1953 წელს ატლანტიკ-სითიში, სადაც ის ღამის კლუბებში პიანინოზე უკრავდა. ზუსტად ამ დროს დაირქვა მან თავისი სასცენო ფსევდონიმი (nina simone) ნინა ესპანურად გოგოს ნიშნავს და სიმონე დაირქვა ცნობილი მსახიობის ”სიმონე სინიორე”-ს საპატივცემულოდ. სამოციანი წლების დასაწყიში მან მოამზადა დიუკ ელინგტონის კომპოზიციების ალბომი სადაც ძირითადათ შედიოდა ბლუზის ბალადები ბროდვეის მიუზიკლებიდან. ორმოცდაათიანი წლების ბოლოს, მან უკვე ჩაწერა და გამოუშვა თავისი 10 ალბომი. სიმონე ხშირად გამოდიოდა კონცერტებზე და არამარტო როგორც მომღერალი, არამედ როგორც პიანისტი,მოცეკვავე და მსახიობი.იგი ჯაზის ტრადიცებს არ ღალატობდა, გამოირჩეოდა შესრულების ორიგინალობით. ის სოულს, პოპ-მუსიკას და ბლუზს უთავსებდა ჯაზს. ნინა სიმონე ძირითადათ თავის სიმღერებს ორკესტრის თანხლებით წერდა.
1965 წელს გამოვიდა მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალბომ (I Put Spell on You a) რომელშიც შევიდა მისი ყველაზე პოპულარული სიმღერები (I Put a Spell onYou) (Feeling Goo) და (Ne Me Quitte Pa).
1996 წელს გამოუშვა შემდეგი ალბომი სახელწოდებით (Wild Is the Wind) ამ ალბომში შესული სიმღერები პოპ-მუსიკს ჟანრში იყო ჩაწერილი, ამიტომ მას კრიტიკოსებმა იმ პერიოდში პოპი-მუსიკის დედოფალი შეარქვეს.
ნინა სიმონე პირადად იცნობდა ლუტერ მარტინომ კინგს ამერიკელი შავკანიანების უფლებების დამცველს, მისი და კიდევ ოთხი შავკანიანი ბავშვის მკვლელობის შემდეგ ნინამ გამოუშვა ახალი სიმღერა სახელწოდებით (Mississippi Goddam) ამავე თემატიკის სიმღერები იყო (Pirate Jenny) და ჟაკ ბრელას ინტერპრეტირებული (Ne Me Quitte Pas) ეს სიმღერები უფრო კლასიკური ჟანრის იყო.
1968 წელს იგი უშვებს ახალ სიმღერა (Ain’t Got No) რომელიშიც შეიძლება ითქვას მწარედ აკრიტიკებს მაშინდელ პოლიტიკას. ნინა სიმონე გარდაიცვალა 2003 წლის 21 აპრილს საფრანგეთში მარსელთან ახლოს, თავის სახლში. სადაც მან გაატარა უკანასკნელი 8 წელი. იგი გარდაიცვალა 70 წლის ასაკში.
აქვე აღსანიშნავია რომ ნინა სიმონემ თავისი 40 წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში გამოუშვა 170 სტუდიური და საკონცერტო ალბომები და სინგლები.
სულ მას აქვს შესრულებული 320 კომპოზიცია, ის დღემდე რჩება 20 საუკუნის ერთ-ერთ ავტორიტეტულ შემსრულებლად.

რესურსები ინტერნეტში
www.beyondjazz.net
www.radiozerogravity.net
www.phusionculture.be
www.allaboutjazz.com
www.louisarmstronghouse.org
www.michaelminn.net/armstrong
www.liveinjazz.ge
www.wikipedia.org
www.forum.ge

ჯაზის "ფესვები" და გენიალური შემსრულებლები

ორიგინალური ამერიკული მუსიკალური ხელოვნების ფორმაა, რომელიც ადრეულ 1920-იან წლებში ნიუ-ორლეანში გაჩნდა; ეფუძნება დასავლეთის მუსკიკალურ ტექნიკასა და თეორიას და მის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის აფრო-ამერიკელთა კულტურულ ტრადიციებს. ჯაზისთვის დამახასიათებელია რბილი ნოტები, სინკოპაცია, სვინგი, პოლირითმია და იმპროვიზაცია. ჯაზს ხშირად „ამერიკის კლასიკურ მუსიკად“ მოიხსენიებენ.

ჯაზი, როგორც მუსიკალური მიმდინარეობა, შეიქმნა დასავლეთ აფრიკული (ტუნისი) და ვესტერნული მუსიკალური ტრადიციების, ბლუზისა და რეგთაიმის, „ახალი ინგლისური“ რელიგიური ჰიმნების, ჩრდილო ამერიკული ფოლკლორის (ჰილიბილი) და ევროპული „მარშინგ ბენდების“ მუსიკის ურთიერთშერწყმის საფუძველზე.
მე-20 საუკუნის დასაწყისში, აფრო-ამერიკულ საზოგადოებაში დამკვიდრების შემდეგ, ჯაზი 20-იან წლებში უკვე გავლენას ახდენს მუსიკის სხვა ჟანრებზეც.

ჯაზი აღმოცენდა ბლუზზე, რომელიც დასავლეთ აფრიკული კულტურისა და ტრადიციების საფუძველზე ჩამოყალიბდა და რომელსაც საფუძველი დაუდო გათავისუფლებულმა აფრიკელმა მონებმა სამხრეთ ამერიკაში. ჯაზ მუსიკოსი ვინთონ მარსალისი (Wynton Marsalis) აღნიშნავდა: „ჯაზი შავკანიანთა უცნაური გამოგონებაა...“
მარშინგ და საცეკვაო ბენდების ინსტრუმენტები მე-20 საუკუნის დასაწყისში ჯაზური მუსიკის წამყვან ინსტრუმენტებად იქცნენ.

ჯაზის ფესვები
საერთოდ პირველი ჯაზ-მუსიკა აფრო-ამერიკელების მიერ იქნა დაკრული ნიუ–ორლეანში. ბადი ბოლდენი ( Buddy Bolden) უკრავდა კორნეტზე და ძირითადად ეს კაცი ითვლება პირველ ნამდვილ ჯაზ მუსიკოსად. ასევე იყვნენ რედი კეპარდი ( Reddy Keppard), კლარენს ვილიამსი ( Clarence Williams) და სხვები. ეს მუსიკოსები ხალხის უმრავლესობისათვის უცნობია, თუმცა მათი იდეები ჯერ კიდევ ახდენენ ზეგავლენას იმაზე, თუ როგორ იკვრება დღესდღეობით ჯაზი.

მეორე ტალღა ჯაზმენებისა იყო ჯო ოლივერი ( Joe Oliver), ჯელი როლ მარტონი (Jelly Roll Morton) და სხვები. ამ მუსიკოსებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი ბენდები, გააუმჯობესეს და გაართულეს შესრულების ტექნიკა და მეტი წარმატებაც მლოიპოვეს. ამ პერიოდის მუსიკა ცნობილია, როგორც „Hot Jazz“ (მხურვალე ჯაზი), არანორმალურად სწრაფი ტემპების გამო.

ჯო ოლივერმა ნიუ ორლეანში აღამოაჩინა ახალგაზრდა კორნეტისტი, სახელად ლუის არმსტრონგი ( Louis Armstrong). მალე ის ერთერთ ყველაზე წარმატებულ და აღიარებულ მუსიკოსად იქცა მსოფლიოში. ამ ჯაზმენების მუსიკა ყოველთვის პატივისცემის ღირსია.
ჯაზის ტრადიციული ინსტრუმენტებია: საქსოფონი - საყვირი - ტრომბონი - კლარნეტი - ფორტეპიანო - გიტარა - კონტრაბასი - ბას გიტარა - დასარტყამები.

ჯაზის მიმდინარეობები:

Avant-garde jazz – Bebop – Cool jazz – Dixieland – Free jazz – Gypsy jazz – Hard bop – Jazz fusion –Kansas City Jazz – Latin jazz – Modal jazz – M-Base – Smooth jazz – Soul jazz – Swing – Trad jazz – Third Stream Acid jazz – Asian American jazz – Calypso jazz – Jazz blues – Jazz fusion – Jazz rap – Nu jazz – Smooth jazz – Bossa Nova - Funk

აი ორი ყველაზე პოპულარული:

ასიდ-ჯაზი

ასიდ-ჯაზი (აგრეთვე ცნობილი როგორც გრუვ-ჯაზი ან კლაბ-ჯაზი) მუსიკალური ჟანრია, რომელიც აერთიანებს ჯაზურ გავლენას სოულის, ფანკის, დისკოსა და ასევე 90-იანების ინგლისური საცეკვაო მუსიკის ელემენტებს, განსაკუთრებით კი განმეორებად რითმსა და მოდალურ ჰარმონიას. ეს ჟანრი 1980-90-იან წლებში განვითარდა, მალევე გადალახა ჯაზ-ფუჟენის ზღვარი და ახალ მიმდინარეობად ჩამოყალიბდა.
ჟანრის ჩასახვის ერთ-ერთი იდეა იყო ჯაზის დაბრუნება იქ სადაც ის დაიბადა, ანუ საცეკვაო დარბაზში. ამიტომაც ახასიათებს მას სულშიჩამწვდომი, მელანქოლიური, ჯაზისთვის დამახასიათებელი იმპროვიზაციები და ხმოვანება.

ნუ-ჯაზი

ტერმინი ნუ-ჯაზი (Nu-jazz, ასევე ცნობილი როგორც ელექტრო-ჯაზი ან ფუჟენ) გაჩნდა გვიანდელ 1990-იან წლებში და მიუთითებს სტილზე, რომელშიც შერწყმულია ჯაზის ტექტსტურა და ზოგჯერ ჯაზის ინსტრუმენტალიზმი ელექტრონულ მუსიკასთან. ისევე როგორც ტერმინი ელექტრონიკა, ნუ-ჯაზიც საკმაოდ არამკაფიოდ განსაზღვული მუსიკალური სტილების დაჯგუფებაა. ის მოიცავს, როგორც ცოცხალი ინსტრუმენტალური შესრულების კომბინაციას ჯაზ-ჰაუზის რითმებთან (მაგ. ფრანგი სენ-ჟერმენი (მუსიკოსი), გერმანელი ჯაზანოვა და ბრიტანელი ფილა ბრაზილია), ასევე უფრო ბენდურ ჯაზურ იმპროვიზაციებს ელექტრონულ ელემენტებთან (მაგ. ბრიტანული სინემატიკ ორკესტრა, ბელგიური ფუჟენ-ქალჩა და ნორვეგიული ფუტურისტული ჯაზის სტილი ბუგე ვესელტოფტის, ჯაგა ჯაზისტის, ნილს პიტერ მოლვერის და სხვათა მიერ).
ნუ-ჯაზი უფრო ღრმად იჭრება ელექტრონიკის ტერიტორიაზე ვინემ მისი ახლო ბიძაშვილი ასიდ-ჯაზი (ან გრუვ-ჯაზი), რომელიც უფრო ახლოა მიწიერ ფანკთან, სოულთან და რითმ-ენდ-ბლიუზთან. თუმცა ბოლო დროს სულ უფრო რთული ხდება მათ შორის საზღვრის გავლება.

როკ-ენ-როლის “აკვანი” და ლეგენდარული მუსიკოსები

Rock and roll-ის მოყვარულებმა “თავისუფლების მუსიკის” დაბადების დღე აღნიშნეს. ნახევარ საუკუნეზე ოდნავ მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკაში Rock and roll-ის “აკვანი დაირწა”, მისი მეფე კი Elvis Presley გახდა.


ამ მუსიკალურ მიმდინარეობას 1952 წელს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც კლივლენდის რადიოსადგურის დიჯეიმ – ალან ფრიდმა ეთერში აკრძალული რიტმ-ენდ-ბლუზის სტილში შექმნილი ჩანაწერების გაშვება გაბედა. იმისათვის, რომ მოუმზადებელი პუბლიკა შოკში არ ჩაეგდო, ფრიდმა სტილს ახალი სახელი მოუგონა და Rock and roll შეარქვა. 50-იანი წლების შუა პერიოდში ეს მიმდინარეობა საოცრად პოპულარული გახდა. 1954 წლის 12 აპრილს ბილი ჰეილიმ და მისმა კოლექტივმა ჩომეტს როკის სტილში შექმნილი Rock Around The Clock პირველი ნამუშევარი ჩაწერეს და სწორედ ეს დღე მიიჩნევა Rock and roll-ის ოფიციალურ დაბადების დღედ.

ამ პერიოდშივე აკაშკაშდა Rock and roll-ის “შავი მეფის” – Chuck Berry-ის ვარსკვლავიც, რომელსაც პირველ მომღერალ-გიტარისტსა და Rock and roll-ის გიტარის ზარისებური ჟღერადობის გამომგონებელსაც უწოდებენ. ორჯერ დაპატიმრების მიუხედავად, Chuck Berry-იმ კოლოსალურ წარმატებას მიაღწია. ეს წარმატება პირველ რიგში, იმით იყო განპირობებული, რომ მუსიკოსმა “თეთრი და შავი მოსახლეობის” მუსიკას შორის ზღვარი წაშალა და თითოეული მათგანისგან ყველაფერი საუკეთესო აითვისა. Chuck Berry-ის შემოქმედებამ მსოფლიოს ბევრ მუსიკოსს ექსპერიმენტებისკენ უბიძგა.

Chuck Berry-იმ Rock and roll-ის ისტორიაში ჩარტებში შესული პირველი მომღერალი გიტარისტის სახელი დაიმკვიდრა, მაგრამ Rock and roll-ის ჭეშმარიტი ტრიუმფი მეორე ამერიკელი ვარსკვლავის სახელს უკავშირდება…

ერთხელ, სტუდია “სანის” კარზე მოკრძალებულმა ჭაბუკმა – სატვირთო მანქანის მძღოლმა დააკაკუნა, რომელსაც სიმღერის ჩაწერა სურდა… უკვე ერთი წლის შემდეგ ჭაბუკი მეგობარ მუსიკოსებთან ერთად, ამერიკის კონტინენტს სერავდა და დარბაზებს მაყურებლით ავსებდა, ხოლო როდესაც რადიოსადგურის ეთერში კომპოზიცია Heartbreak Hotel აჟღერდა, ამერიკამ ახალი ვარსკვლავი – Elvis Presley გაიცნო.

სცენაზე მოძრაობის, ცოტა არ იყოს, “უწესო” მანერამ, თავდაპირველად, მკაცრი ამერიკელების კრიტიკა გამოიწვია, მაგრამ რაც უფრო მეტად კიცხავდნენ, Presley-ის პოპულარობა მით უფრო იზრდებოდა;

როდესაც მომღერალი ტელეეკრანზე პოპულარულ მუსიკალურ შოუებში გამოჩნდა, ათასობით ქალის გული მოინადირა და მას შემდეგ, სადაც უნდა ყოფილიყო, ფანატები არ ასვენებდნენ. “ქალწულთა ვნებებს” Elvis პირველად ფლორიდაში გადაეყარა. ექსტაზში მყოფი რამდენიმე გოგონა სცენაზე აიჭრა და ვიდრე Presley გიტარის გადარჩენას ცდილობდა, ტანზე კოსტიუმი შემოახიეს. ერთ-ერთმა გოგონამ მომღერალს ფეხსაცმელი გახადა, მეორემ კი შარვალი კბილებით გაუხია.

1956 წელს Elvis Presley ჰიტებით -Don’t Be Cruel და Hound Dog da baladiT – Love Me Tender – რეკორდული ვადით – 36 კვირის განმავლობაში, ჰიტაღლუმებში პირველ ადგილებს იკავებდა. მანAამ წელს ექვსი “ოქროს დისკი” გამოუშვა, ფირფიტები მრავალმილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. თანდათან Rock and roll ყველაზე შემოსავლიანი მუსიკალური სტილი გახდა.
Elvis Presley-ის არნახული კომერციული წარმატების შემდეგ, Rock and roll-ით უმსხვილესი მუსიკალური ლეიბლები დაინტერესდნენ და პატარა სტუდიების დამწყებ ნიჭიერ შემსრულებლებზე ნადირობა დაიწყეს.

50-იანი წლების ბოლოს Rock and roll ისეთი ვარსკვლავებით გამდიდრდა, როგორებიც იყვნენ – ლიტლ რიჩარდი, ჯერი ლი ლიუისი, ბადი ჰოლი. ისინი ამერიკელები იყვნენ და 60-იანი წლების დასაწყისში, მიმდინარეობას ახალი სიცოცხლე შთაბერეს. Rock and roll-ში ეგრეთ წოდებული, “ბრიტანული შეჭრა” 1964 წლის თებერვალში დაიწყო. ნიუ-იორკის აეროპორტში ჩასულ ჯგუფს ათასობით თაყვანისმცემელი დახვდა. The Beatles -მა მალე ახალი სინგლი Can’t Buy Me Love”/”You Can’t Do That შექმნა, რომელსაც წინასწარი განაცხადების არნახული რაოდენობა – 3 მილიონი მოჰყვა. ასეთი რამ მანამდე ჯერ არავის ახსოვდა! მეორე ამერიკული ტურნეს დროს The Beatles მათ კერპს, Elvis Presley-ის ესტუმრა.


შეხვედრამ მკაცრად გასაიდუმლოებულ ვითარებაში ჩაიარა. მუსიკოსებმა ერთმანეთს საჩუქრები მიართვეს, ისაუბრეს და მუზიცირებდნენ. ამ შეხვედრის შემდეგ, კიდევ ერთი მითი გავრცელდა The Beatles -ისა და Elvis Presley-ის ერთობლივი შემოქმედებითი თანამშრომლობის შესახებ, თითქოს მუსიკოსებმა რამდენიმე კომპოზიცია შეასრულეს და მაგნიტოფონზე ჩაწერეს, მაგრამ ის ჩანაწერები არასდროს გამოცემულა. რამდენიმე ხმის ჩამწერმა ფირმამ აგენტებიც კი დაიქირავა, მაგრამ ფირების ადგილმდებარეობის დადგენა ვერ მოხერხდა…

“რკინის ფარდის” მიუხედავად, “ბიტლომანიას” ვერც ყოფილი საბჭოთა კავშირი გადაურჩა. საბჭოთა მსმენელს მათი მუსიკის ლეგალურად მოსმენის საშუალება 1960-იან წლებში შემთხვევით მიეცა: “მუსიკალური კალეიდოსკოპის” სერიის ერთ-ერთი ფირფიტის მომზადების დროს, ფირფიტაზე თავისუფალი ადგილი დარჩა, რომლის შევსება The Beatles -ის სიმღერით Girl გადაწყვიტეს. ფირფიტა ასეთი წარწერით გამოვიდა: “კვარტეტი “ბითლზ”, “გოგონა”, მუსიკა და ტექსტი – ხალხური”. საბჭოთა მსმენელი დასავლური მუსიკის მოსასმენად მზად აღმოჩნდა…
Beatles-ის მუსიკა მრავალი საბჭოთა შემსრულებლისა თუ ჯგუფის კარიერაში რადიკალური გადაწყვეტილებების მიღების მომენტად იქცა…

Wednesday, March 30, 2011

ოპერის დაბადება


,,არმიდეას” 1686 წლის ილუსტრაცია.

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ოპერა როგორც ჟანრი, სრულიად შემთხვევით წარმოიქმნა და რომ იგი გენიალური შეცდომის შედეგია. აღორძინების ეპოქაში ანტიკური ბერძნული ტრაგედიით გატაცებულ ხელოვანებს ტრაგედიის პირვანდელი სახის აღდგენა უნდოდათ. მათ, რასაკვირველია, იცოდნენ, რომ ანტიკური ტრაგედიის ქოროს პარტიები მუსიკის თანხლებით სრულდებოდა, თუმცა არ იცოდნენ, ჰქონდა თუ არა მუსიკალური გაფორმება დრამატულ პარტიებს.

ძველი ბერძნული ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო როგორც გრძელი და მოკლე ხმოვნების მონაცვლეობა, ასევე მუსიკალური მახვილი, სრულიად შესაძლებელი იყო, რომ ტრაგედიის დრამატულ პარტიებსაც დღევანდელი გაგებით მუსიკალური ჟღერადობა ჰქონოდათ. სწორედ ამიტომ, აღორძინების ხანის კომპოზიტორებმა ლიბრეტოს დრამატულ პარტიებს მუსიკა დაადეს და შექმნეს ის ფორმა, რომელსაც დღეს ჩვენ რეჩიტატივს ვუწოდებთ.

დროთა განმავლობაში რეჩიტატივები არიებში, დუეტებში და მთელ ანსამბლებშიც კი გადაიზარდა. სხვათა შორის, ამ ექპერიმენტატორთა შორის გალილეო გალილეის მამაც კი გახლდათ, თუმცა მისი შექმნილი საოპერო ოპუსი ისტორიას არ შემორჩა. ამ ექსპერიმენტის პირველი შედეგი იყო ჯაკოპო პერის მუსიკალური დრამა “დაფნე”, რომელიც ოტავიო რინუჩინის ლიბრეტოს მიხედვით შეიქმნა. მისი პრემიერა 1594 წელს ფლორენციაში შედგა. “დაფნეს” მალევე მოჰყვა პერის მეორე ოპერა “ევრიდიკე”, რომელიც 1660 წელს დაიდგა.

ეს მუსიკალური დრამები (სწორედ ასე ერქვა მაშინ ამ ჟანრს, ტერმინი "ოპერა" მხოლოდ მე-18 საუკუნეში შემოდის) თავისი ექსპერიმენტული ხასიათის გამო მხოლოდ ხელოვანთა და არისტოკრატთა ვიწრო წრეში საჩვენებლად იყო განკუთვნილი. მართალია, ეს ქმნილებები ჯერ კიდევ შორს იყო იმისგან, რასაც კლასიკური გაგებით საოპერო ნაწარმოები ჰქვია, თუმცა სწორედ აქ მოხდა პირველად თეატრის ისტორიაში ის, რამაც საფუძველი ჩაუყარა ოპერის განვითარებას: სპექტაკლი მთლიანად მუსიკალური თანხლებით სრულდებოდა.

რამდენიმე წლის შემდეგ აღორძინების ეპოქის ცნობილი კომპოზიტორი მონტევერდი წერს ოპერას “ორფეოსი” და, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ ნაწარმოებიდან იწყება ოპერის ისტორიაც.

იქიდან გამომდინარე, რომ ოპერა ანტიკური ტრაგედიის მიბაძვა იყო, პირველი ოპერების უმრავლესობა ანტიკური მითების სიუჟეტებზეა შექმნილი. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ოპერა ცდება ანტიკური ტრაგედიის ჩარჩოებს და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს. მისი ლიბრეტოებიც აღორძინების ეპოქისთვის დამახასიათებელ მოარულ სიუჟეტებზე იქმნება და საოპერო ნაწარმოებებსაც უკვე ოპერისთვის სპეციალურად აგებულ შენობებში დგამენ.

ანტიკური თემატიკისკენ შემობრუნება მე-18 საუკუნის პირველი ნახევრიდან იწყება ჰენდელისა და გლუკის ნაწარმოებებით. და ახალი ოპერის დაბადება სწორედ გლუკის “ორფეოსსა და ევრიდიკეს” უკავშირდება.

ალბათ, არ იქნება გადაჭარბებული იმის თქმა, რომ სწორედ გლუკის რეფლექსიაა მოცარტის, როსინის, ვერდის, ვაგნერისა და რიხარდ შტრაუსის შემოქმედება....