Thursday, March 31, 2011

ბლუზის წარმოშობა I

ბავშვის დაბადების თარიღი ცნობილია – XIX-XX საუკუნეების მიჯნა. ასევე ადგილიც – მდინარე მისისიპის დელტა(აქედან ნათლობის სახელიც – “დელტა ბლუზი”), ტერიტორია პატარა ქალაქ მემფისიდან მექსიკის ყურემდე. ამ უკიდეგანო მიწებზე დასახლებული შავკანიანი მონების ქოხებში დაიბადა ამერიკული კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი – ბლუზი.

თავდაპირველი სახელწოდება “დელტა ბლუზი” ისტორიულ-კულტურული დატვირთვის მატარებელი უფროა, ვიდრე გეოგრაფიულის. მისისიპის დელტა იყო ადგილი, სადაც უსიერი ტყეების გაჩეხვისა და ჭაობების დაშრობის შემდეგ, თეთრკანიანებმა ბამბის პლანტაციების მასიური გაშენება დაიწყეს.  მუქთა მუშახელის სახით პლანტატორები თავიდან წითელკანიან მონებს იყენებდნენ, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ ინდიელები ვერც გამძლეობით და ვერც შრომისუნარიანობით ვერ შეედრებოდნენ ზანგებს. შედეგად, მისისიპის დელტის პლანტაციებს აფრიკიდან შემოყვანილი ასიათასობით შავკანიანი მონა მიაწყდა. მათი ცხოვრებისა და მუშაობის პირობები მეტად არასახარბიელო, მძიმე და დამამცირებელი იყო. ფაქტიურად, მუსიკა იყო ერთადერთი, რაც ამ ბუნებრივად მუსიკალურ ადამიანებს გააჩნდათ. ამიტომ სწორედ მუსიკაში ჰპოვა ასახვა მათი მდგომარეობის მთელმა ტრაგიკულობამ. ასე რომ, ბლუზის ისტორიის საწყისებში ძალზედ რთულია რაიმე რომანტიულის პოვნა. მიუხედავად ამისა, ეს ისტორია მეტად საინტერესოა და სავსეა უამრავი ლეგენდებით.

ადგილებს, რომლებიც ბლუზის აკვნად ითვლება, ალაბამა, ჯორჯია და ფლორიდაც უნდა მივაკუთვნოთ. ამ ადგილებიდან დელტა ბლუზი დროთა განმავლობაში ამერიკის მთელს ტერიტორიაზე გავრცელდა და გზადაგზა სხვადასხვა შტატებში სხვადასხვა თავისებურებებს იძენდა. ბლუზის უმნიშვნელოვანეს ცენტრებად იქცა და დღემდე ასეთად რჩება ჩიკაგო, ტეხასი, კალიფორნია და თავისთავად მისისიპის დელტა. ამ ადგილებიდან მოდიან ბლუზის თანამედროვე ვარსკვლავები.

იყო დრო, როდესაც ბლუზს კიდევ ერთი მსოფლიო ცენტრი ჰქონდა. ეს იყო ინგლისი. მაგრამ იმ დროიდან ბევრმა წყალმა ჩაიარა. იმას, რასაც დღეს ამ კუნძულზე ასრულებენ, XX ს-ის 60-იან წლებში, ჯონ მეიოლის დროს წარმოქმნილ ორიგინალურ, ინგლისურ სტილთან საერთო ბევრი არაფერი აქვს. ეს უფრო ამერიკული ბლუზის მქრალი აჩრდილია, ვიდრე თვითმყოფადი სტილი. ამიტომაც, ინგლისი ბლუზის ერთ-ერთ მსოფლიო ცენტრად დღეს უკვე აღარ ითვლება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნისლიან ალბიონზე ბლუზის ტალანტები არ არსებობენ.

განმარტება

თავად ტერმინი “ბლუზი” განმარტებული უნდა იქნეს, როგორც სულიერი მდგომარეობა. ჯერ კიდევ XVI საუკუნეში ინგლისურ ენაში გაჩნდა გამოთქმა – “The blue devils”(ეშმაკისეული მოწყენილობა/ნაღველი), რაც მელანქოლიურ, დეპრესიულ განწყობილებას გულისხმობდა, მაგრამ ფრაზა “having a fit of the blues”(ე.წ. ხანდრის მდგომარეობაში ყოფნა) ამერიკულ ინგლისურში მხოლოდ 1861-1865 წ.წ. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ დამკვიდრდა. ხოლო “ბლუზი”, როგორც მსგავსი სულიერი განყობილებების აღმნიშვნელი ტერმინი აფროამერიკელებშიც კი არ იყო განსაკუთრებით პოპულარული ვიდრე 1900 წლამდე. მხოლოდ ამ დროიდან ითვლება, რომ თუ ვინმე ბლუზს ასრულებს, ის “the blues” – მოწყენილი, ნაღვლიანი მდგომარეობიდან თავის დაღწევას ცდილობს. დროთა განმავლობაში, ეს მომენტი ბლუზმენებისთვის იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, რომ “blue feeling”-ის, ანუ ნაღვლიანი განწყობილების დადგომამდე არც იყო მიღებული ბლუზის შესრულება.

აქედან გამომდინარე, ბლუზი მუსიკის შესრულების მეთოდიცაა. მრავალი ბლუზმენისთვის სწორედ ამაშია ბლუზის მარილი. თუ შემსრულებელს “blue feeling”-ის გადმოცემა და მსმენელისთვის გაზიარება არ შეუძლია, ის არც არის ნამდვილი ბლუზმენი. შესრულების იმიტირება შესაძლებელია, მაგრამ ბლუზის შეგრძნებისა – სრულიად წარმოუდგენელია.

ბლუზში დიდი მნიშვნელობა აქვს ტექსტის გარითმვის უნარს, ასევე იმპროვიზაციას, რომელიც ბლუზის განუყოფელი ნაწილია, თუმცა იმდენი მნიშვნელობა მაინც არ ენიჭება, რამდენიც ჯაზში. იმპროვიზაციის გასაადვილებლად რამდენიმე მოდელი შეიქმნა, რომელთა შორის გამორჩეულია 12 ტაქტიანი ბლუზი. XX საუკუნის პირველ ათწლეულში ამ მოდელმა სამ სტრიქონიანი სტროფის ფორმა მიიღო, რომელშიც პირველი სტრიქონი მეორდებოდა. შემსრულებელს ეს მესამე, გამრითმავი სტრიქონის იმპროვიზირების საშუალებას აძლევდა. არსებობს აგრეთვე 16 და 32 ტაქტიანი მოდელებიც, მაგრამ 12 ტაქტიანი ბლუზი იმდენად გავრცელებულია, რომ ბლუზის შესრულებაში, როგორც წესი, 12 ტაქტიანი ბლუზის შესრულებას გულისხმობენ.

ბლუზი თითქოს მარტივი რამ არის. მაგრამ ბლუზისადმი მიძღვნილ სხვადასხვა წიგნებში, ჟურნალებსა და ნაშრომებში ერთ საინტერესო ტენდენციას წააწყდები – უამრავი მკვლევარი თითქოს ერთმანეთს ეჯიბრება, ბლუზის ვინ უფრო მეტ განსხვავებულ სტილს, მიმდინარეობას თუ ქვესახეობას აღმოაჩენს ან დაასახელებს.

ნებისმიერ შემთხვევაში უცნაურია – თუ ბლუზი ასეთი მარტივი და უბრალოა, მაშინ რა უბიძგებს ადამიანებს კონსერვატიული განათლებით, ბრწყინვალე კარიერით, შოუ-ბიზნესის ისტორიაში გარანტირებული საპატიო ადგილებით, თავდავიწყებით და სიხარულით მიეცენ ამ იდუმალი და მიმზიდველი სტილის შესრულებას?!

ბლუზი ეტყობა არც ისეთი მარტივი რამ არის....

No comments:

Post a Comment