მაგრამ XX საუკუნემდე ბლუზის არსებობის დამადასტურებელი ფაქტები ისტორიამ არ შემოგვინახა. მონათა სიმღერებში გვხვდება ფორმები, რომლებსაც სერიოზული გავლენა უნდა მოეხდინა ბლუზის ჩამოყალიბებაზე. ასე მაგალითად, აკომპონიმენტის გარეშე სიმღერების კოლექტიური შესრულების ზანგური ტრადიცია, რომელიც დღესაც პოპულარულია აფრიკაში, მაგრამ ამერიკაში პრაქტიკულად გაქრა პლანტაციების გაქრობასთან ერთად, თუმცა სამხრეთის შტატების გამოსასწორებელ სახლებში XX ს-ის 50-იან წლებამდე შემორჩა.
მონათმფლობელობის გაუქმების შემდეგ სამხრეთის შტატებში ე.წ რეკონსტრუქციის, შემდეგ კი პოსტ-რეკონსტრუქციის ერა დადგა. გათავისუფლებული ზანგები იმავე პლანტაციებში, სადაც ადრე მონებად მუშაობდნენ, კოლექტიური სეზონური შრომით დაკავდნენ. მათ ნაწილს თეთრებისგან არენდით აღებულ მიწებზე შრომით გაჰქონდა თავი. ამავე პერიოდში ზანგურმა სიმღერებმა თანდათანობით “holler”-ის, ე.წ. გადაძახილების ხასიათი მიიღო. ასეთი თავისუფალი ფორმის სიმღერები დღესაც გავრცელებულია დასავლეთ აფრიკის, კერძოდ სენეგალის სავანებში, სადაც ღია მინდორში კოლექტიური შრომის ტრადიცია დღემდე არსებობს. პირველ გადაძახილს მეორე მოჰყვებოდა, შემდეგ მესამე, მეოთხე და თანდათანობით მთელს პლანტაციას მოედებოდა. “holler”-ს შემსრულებლები ძირითადად ბამბის პლანტაციაში მომუშავე ზანგები იყვნენ, მაგრამ შაქრისა და ბრინჯის პლანტაციებში, მეჯოგეებსა და დოკერებშიც არანაკლებ პოპულარული იყო. თუმცა “holler” შესრულება ყოველთვის ჯგუფურ ხასიათს არ ატარებდა. ეს ერთ კაცსაც შეეძლო.
გვიან საღამოს, მთელი დღის მძიმე შრომით გადაღლილი ზანგი, საკუთარ ან საყვარელი ქალის სახლთან მიახლოებისას “holler”-ს შემოსძახებდა. ვინც ამ ძახილს გაიგონებდა, იტყოდა, “აგერ სემი მოდის”, ან “უილი ჯექსონი წისქვილიდან ბრუნდება”, ან “ეხლახანს მოხუცი არჩიბალდის ხმა გავიგონე გზაზე”.

ასე რომ, ოლმსტედის შეფასებით “holler”-ი “იყო ხანგრძლივი, ხმამაღალი, ფალცეტში გარდამავალი მუსიკალური გადაძახილი”. ასეთ შეფასებას XX საუკუნეში გაკეთებული ჩანაწერებიც შეეფერება. ზოგიერთ მათგანში სიტყვები თითქმის არაა, მაგალითად, 1950 წელს ჩაწერილი ენი გრეის ჰორნ დოდსონის(Anne Grace Horn Dodson) “მინდვრის გადაძახილი” – “Field Call”. სხვები იმპროვიზირებული სტრიქონებისგან შედგება და შემსრულებლის განწყობილებას გამოხატავს, როგორც 1947 წელს მისისიპის შტატის პარჩმანის გამოსასწორებელ სახლში ჩაწერილი “Levee Camp Holler” “Bama”-ს შესრულებით.
ბლუზში ხომ ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატველობაა, “holler”-იც თავისი შინაარსითა და გამომხატველობით იმდენად ახლოა ბლუზთან, რომ სამართლიანად ითვლება მის წინამორბედად.
თუმცა ბლუზის ფესვები მხოლოდ აფრიკულ მუსიკალურ ტრადიციებში არაა. “holler”-ის ჩამოყალიბებამდე ბევრად უფრო ადრე, აფრიკულ მუსიკალურ ტრადიციებს ბრიტანული ბალადების ჰანგები შეერწყა. აფროამერიკელებმა ინგლისურ-შოტლანდიურ-ირლანდიური ბალადები ადვილად შეითვისეს და შავკანიანი გმირების სადიდებელ სიმღერებად აქციეს. მათგან ყველაზე ადრეულებად ითვლება ბალადები XIX საუკუნის 70-იანი წლებში ცნობილი ვინმე ჯონ ჰენრის შესახებ, რომელიც რკინიგზის მუშა იყო და სახელი იმით გაითქვა, რომ ხელის უროთი ორთქლის ძრავზე მომუშავე უროს გაეჯიბრა და გამარჯვებული გამოვიდა, თუმცა გულმა დატვირთვას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ასეთი ბალადების მხოლოდ ორი ჩანაწერის მოძებნა მოვახერხე. ორივე მათგანი 1939 წელსაა შესრულებული. პირველი ქუმინსების ფერმაზე, ქოულდში, არკანზასში – Perfomed by Arthur Bell, ხოლო მეორე – რეიფორდის გამოსასწორებელ სახლში, ფლორიდაში – Perfomed by Joe Brown and Lonnie Thomas.
ზოგიერთ არანაკლებად პოპულარულ ბალადებში, მაგალითად “Frankie and Albert” by Charley Patton, ან “Railroad Bill” პირველი სტრიქონი მეორდება, ხოლო მესამე მისამღერის როლს ასრულებს:
“See, see rider, see what you have done
See, see rider, see what you have done
You’ve made me love you, now my man done come”
ეტყობა, სწორედ ეს მოდელი იქცა ბლუზის საფუძვლად.
საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ბლუზი ერთის მხრივ, რეკონსტრუქციისა და პოსტ-რეკონსტრუქციის ეპოქაში აფრიკული მუსიკალური ტრადიციების გავლენით წარმოქმნილი ჰოლერისა და სხვა ე.წ.სამუშაო სიმღერების, ხოლო მეორეს მხრივ, XIX საუკუნის აშშ-ში გავრცელებული ბრიტანული ფოლკლორის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა.
No comments:
Post a Comment